ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული კლუბების ხელმძღვანელების პოზიციაზე დასაქმებულია 10 პირი, რომლებმაც 2018-2019 წლებში ანაზღაურების სახით მიიღეს 52.6 ათასი ლარი. ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად კი გამოვლინდა, რომ აღნიშნული კლუბები არ ფუნქციონირებდა, – ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში 2018-2019 წლებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 9,183.7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების 61%. აქედან, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 797.9 ათასი ლარია. საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირები არ არიან ფუნქციურად დატვირთულნი და ყოველდღიურად არ ეწევიან სამსახურებრივ საქმიანობას.
დოკუმენტში მოყვანილია რამდენიმე მაგალითი.
1. ა(ა)იპ – ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ა(ა)იპ-ში დასაქმებულ ორ მსახიობს 2018-2019 წლებში არც ერთ სპექტაკლში ან სხვა კულტურულ ღონისძიებაში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. ამავე ა(ა)იპ-ში ობიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული კლუბების ხელმძღვანელების პოზიციაზე დასაქმებულია 10 პირი, რომლებმაც 2018-2019 წლებში ანაზღაურების სახით მიიღეს 52.6 ათასი ლარი. ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლის შედეგად კი გამოვლინდა, რომ აღნიშნული კლუბები არ ფუნქციონირებდა, კერძოდ, არ იყო მოქმედი წრეები და არ ჩატარებულა რაიმე სახის კულტურული ღონისძიება.
2. ა(ა)იპ – გამწვანება 2012-ში დასაქმებულია ორი სპეციალისტი, რომლებმაც შრომის ანაზღაურების სახით მიიღეს 23.3 ათასი ლარი, აუდიტის ჯგუფმა ობიექტისგან ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებებით იყო გამოწვეული აღნიშნული პოზიციის არსებობა. ა(ა)იპ-ს არ გააჩნია დასაქმებულების სამუშაო აღწერილობები და დირექტორმა აუდიტის ჯგუფს სათანადოდ ვერ განუმარტა რა საქმიანობას ეწეოდნენ დასაქმებული პირები.
3. ა(ა)იპ – ბორჯომის ტრანსპორტში კონტროლიორის პოზიციაზე დასაქმებულია ორი პირი, რომლებსაც შრომის ანაზღაურების სახით 2018-2019 წლებში მიღებული აქვთ 14.8 ათასი ლარი. მათ ევალებათ მგზავრების ბილეთების შემოწმება, მაშინ როდესაც ტრანსპორტით სარგებლობისთვის ბილეთები არ იყიდება. კონტროლიორს არც სამგზავროს ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აქვს რაიმე სანქციის გამოყენების უფლება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო დასაბუთება, თუ რა ობიექტური საჭიროებებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ში აღნიშნული პოზიციის არსებობა.
აუდიტის დასკვნაა, რომ ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები გაურკვეველია, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული ზოგიერთი შტატის არსებობა. შედეგად, დაგეგმვასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობის არაგონივრული ზრდა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა.
აუდიტის ანგარიშში საკადრო პოლიტიკის ნაკლოვანებების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია განხილული, თუმცა შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არსებობს კადრების მართვასთან და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული ხარვეზები, რომლებიც სისტემურ ხასიათს ატარებს.