თელავის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 60,872.3 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 56,482.1 ათასი ლარი შეადგინა. ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში.
ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა, კერძოდ, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად ვერ დასრულდა და დაგვიანდა წყალმომარაგების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, საკანალიზაციო ქსელის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და
რეაბილიტაციის სამუშაოები”,- ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, გარდა დაგეგმილი და აუთვისებელი თანხებისა, მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა არსებითი მოცულობის თანხები, კერძოდ:
“2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 3,689.8 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 3,640.7 ათასი ლარის გამოყენება. მიუხედავად ამისა, 2018 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ (ზრდამ) შეადგინა 2,130.6 ათასი ლარი და წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი 5,820.4 ათასი ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 2,688.6 ათასი ლარი − სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი 3,131.8 ათასი ლარი, თავისუფალი ნაშთია.
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5.710.1 ათასი
ლარის ნაშთის გამოყენება.9 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც გაიზარდა ნაშთი, კერძოდ, ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ (ზრდამ) 2,259.6 ათასი ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2020 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთი იყო 8,080.0 ათასი ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 3,280.0 ათასი ლარი წარმოიშვა სხვადასხვა გარდამავალი და წლის ბოლომდე დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ხოლო დანარჩენი 4800.0 ათასი ლარი, თავისუფალი ნაშთია’, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის თავისუფალი ნაშთი).
“აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე”, – წერია დასკვნაში.
აუდიტის რეკომენდაციიაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.