საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები, გრუნტოვანი, დაზიანებული გზის ნაცვლად, განახლებული და კომფორტული გზით მოძრაობას შეძლებენ.
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.