ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობა პრიორიტეტებს ირჩევს

325

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“-ის ფარგლებში სოფლებში საერთო კრებები ტარდება. მოსახლეობის კრებები ჩატარდა ბორითის, ვახანის, ზვარეს, კიცხი თემის სოფლებში, ვარძიასა და ხიდარში. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება სოფლებში:

ბორითის თემის სოფლებში შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა:

ბორითში 16 000 ლარით საუბნო გზები მოწესრიგდება გოჭოურის, ფაბრიკისა და ჯამეების უბნებში, გარე განათება მოეწყობა ფაბრიკის უბანში;
ციხისძირში 10 ათასი ლარით გზა მობეტონდება;
კვესრევში 10 000 ლარით ორი საუბნო გზის მოხრეშვა-გასწორხაზოვნება განისაზღვრა;
მაქათუბანში 12 000 ლარს საუბნო გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობას და ორ უბანში გზის გასწორხაზოვნებისთვის დახარჯავენ;
უბისაში 12 000 ლარით შეიძენენ წყლის მილებსა და ავზს, მოწესრიგდება სამი საუბნო გზა; საქასრიაში მოსახლეობა ერთ საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობას, გარე განათების სისტემის დასრულებასა და წყალგამტარების მოწყობს აპირებს;
ამაშუკეთში 10 000 ლარით საუბნო გზა მობეტონდება;
ერეთაში 10 000 ლარი გზის გაწმენდას და ერთტონიანი ავზის შეძენას მოხმარდება;
გაღმა და გამოღმა ვაშლევში გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება, გამოღმა ვაშლევში გარე განათების ქსელი დასრულდება. ამ სამუშაოებისთვის 10 000 ლარია განსაზღვრული.

ვახანის თემის სოფლებში შემდეგი პროექტები განხორციელდება:

ვახანში 12 ათასი ლარით იგეგმება გზის შეკეთება ვახანის ციხემდე, ცხადაძეების საუბნო გზის მობეტონება და ინასარიძეების უბნისთვის წყლის მილების შესყიდვა;
სერბაისის მოსახლეობა სოფელში ცხაურის მოწყობას გეგმავს;
ზედუბანში 10 ათასი ლარით ჭაბურღილის მოწყობა გადაწყვიტეს.

ზვარეს თემის სოფლებში მოსახლეობამ გადაწყვიტა:
ზვარეში – ჭენჭეხის უბანში 12 000 ლარი გზის შეკეთება-მოხრეშვას მოხმარდება;
ნუნისში დალალიშვილების უბნის და ლუტიძის ჩიხის გზის რეაბილიტაციას გეგმავენ;
ჩრდილში 12 000 ლარით კოშკისა და კაოთის უბნებში წყლის სისტემებისა და გარე განათების მოწყობა იგეგმება.

კიცხის თემში მოსახლეობის გადაწყვეტილებით შემდეგი პროექტები დაიგეგმა:
კიცხში 16 000 ლარით წყლის სისტემის მოწყობა და სოფლის სკვერის კეთილმოწყობისთვის მასალების შეძენა;
ბორსა და საქარიქედში 12 000-12000 ლარით საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება;
იგორეთში 10 000 ლარით საუბნო გზის შეკეთება;
თეთრაწყაროში 12 000 ლარით წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შეძენა (ავზი, წყლის მილები), წყლის სათავე ნაგებობისა და სოფლის წისქვილების რეაბილიტაცია.

ვარძიის მოსახლეობამ 16 000 ლარით მეორე და მეხუთე უბნების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობა გადაწყვიტა.

ხიდარში 16 000 ლარით გზები მოიხრეშება მასხარაშვილების, შარიქაძეების, გურგენიძეების, ხეცაძეების, გელაშვილების და აბანოს უბანში.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის კრებები ხარაგაულში 15 მარტს დასრულდება.