ადიგენის 17 სოფელი მთის საზაფხულო საძოვრებზე ელექტროენერგიის გაყვანას ითხოვს

397

ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ფერსათის მთის საძოვრებზე ელექტროენერგიის მიყვანას ითხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის შესახებ შესაბამის უწყებებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წერილობით უკვე აცნობა და მათგან პასუხიც მიიღო. გაიყვანენ თუ არა ელექტროენერგიის ქსელს ფერსათის მთაში, რეგიონული განვითარების სამინისტროზეა დამოკიდებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ფერსათის მთის საძოვრებით ადიგენის მუნიციპალიტეტის 17-ზე მეტი სოფელი სარგებლობს. ამ მთაზე გაზაფხულობით ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მსხვილფეხა პირუტყვი აჰყავს და დაზამთრებამდე 5 – 6 თვეს იქ ატარებს. ელექტროენერგიის არ ქონა, მოსახლეობას ბევრი პრობლემის წინაშე აყენებს.

,,ადიგენის სოფლებში არასაკმარისი საძოვრების გამო, გლეხები, რომლებსაც 5 სულზე მეტი პირუტვი ჰყავთ, თითქმის ნახევარ წელს ფერსათის მთაზე ატარებენ, ელექტრო ენერგიის არ ქონა კი მათ პირუტყვის მოვლა-მოწველის, რძის გადამუშავებისა  და შენახვა-რეალიზაციის პრობლემას უქმნის,” – ამბობს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს” სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი, თამუნა უჩიძე, რომლის ორგანიზებითაც ადიგენის სოფლებში ადგილობრივების ხელმოწერები შეგროვდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ელექტროენერგიის ქსელის გაყვანის მოთხოვნით შეგროვებული 400-ზე მეტი ხელმოწერა, ოფიციალურ წერილთან ერთად ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თებერვლის დასაწყისში გაუგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართა.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ფერსათის მთა ელექტრომომარაგების ქსელიდან დაშორებულია 600 მეტრზე მეტი მანძილით, რაც აღემატება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრულ მანძილს და ამიტომ, ელექტროგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა უნდა განხორციელდეს დაინტერესებული მხარის ხარჯზ ,” – ამბობს თამუნა უჩიძე.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ აღნიშნული უწყება ამ ეტაპზე ფერსათის მთაზე ელექტროენერგიის მიყვანას ვერ დააფინანსებს, ამიტომ უწყებამ რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართა და საკითხის შესწავლა სთხოვა.

თამუნა უჩიძე ფიქრობს, რომ ფერსათის მთაში ელექტოენერგიის გაყვანის შემთხვევაში, ეს ტერიტორია ტურისტულ დანიშნულებასაც შეიძენს: “ადგილობრივები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გაყვანის შემთხვევაში, შეძლებენ მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროების გაკეთებასაც, რაც ფერსათის მთას  ტურისტებისთვისაც გახდის მიმზიდველს“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველომ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას აცნობა. არასამთავრობო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ თვითმმართველობა და სამხარეო ადმინისტრაცია პრობლემის მოგვარების პროცესში მათთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან.