მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადმოინაცვლეს

268

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც ნიკა მელიას დაპატიმრებასა და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევას აპროტესტებენ, პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 

დაანონსდა ახალი აქციაც – 26 თებერვალს 15 საათზე ოპოზიციის მსვლელობა გაიმართება.

მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებებიც. განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ “დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე”.