ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად ღარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ღარსა და წმენდაურში იმყოფებოდა.
ამ სოფლებში მოსახლეობის საერთო კრებების სხდომები ჩატარდა, ადგილობრივებს კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით გაეწიათ და განემარტათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული და სახელმძღვანელოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” საპროექტო წინადადებების შერჩევა – განსაზღვრული.
შეხვედრებზე მოსახლეობამ მსჯელობის შემდეგ პრიორიტეტები საჭიროებისამებრ შეარჩია – სოფელ ღარში ადგილობრივებმა წყლის სისტემის რეაბილიტაციას, წმენდაურში სპორტული მოედნის მოწყობას დაუჭირეს მხარი.
„2021 წლის 22 თებერვლის მონაცემებით მოსახლეობასთან შეხვედრები 5 ადმინისტრაციული ერთეულში და 17 სოფელში უკვე შედგა, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გაგრძელდება”, – აცხადებენ ონის მერიაში.