ღარიბაშვილი გომელაურსა და პოლიციას: ვამაყობ თქვენით!

303

დღეს ჩვენ გავხდით მომსწრეები, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვართ ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მთავრობის სახელით, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენეთ, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო.

რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკიული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. და ბოლოს, გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ კონსტიტიციულ ფარგლებში, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით!“ – განაცხდა ღარიბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.