საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც უწყება ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.
გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1798 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 51 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 956 მლნ. ლარი დაიხარჯება.
როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ ძირითად მიზანს ისახავს: მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, იქ მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და სერვისების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმაც ამ სამი მიზნის მიღწევას უნდა მოემსახუროს.
პირველი მიზნის – მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების – მისაღწევად მთავრობამ 5 ამოცანის შესრულება გადაწყვიტა. მათ შორისაა ტურიზმის განვითარების მხარდაჭერაც.
რა იგეგმება ტურიზმის განვითარებისთვის?
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება
როგორც სამოქმედო გეგმის პროექტიდან ხდება ცნობილი, მომდევნო სამ წელში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და აჭარაში არსებული ღვინის ტურიზმის სულ მცირე 1 ობიექტი “ღვინის გზის” პროგრამაში დაემატება და მოეწყობა შესაბამისი მანიშნებლებიც. ამისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 ათასი დაიხარჯება.
სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დაგეგმილია მინიმუმ 7 სამთო-სალაშქრო ბილიკის მონიშვნა და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ისეთის, როგორიცაა მანათობელი კონსტრუქციები, სასურათე ჩარჩოები და სხვა. ამ ყველაფერზე კი ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.
დაგეგმილია, ასევე, ბაკურიანის პარკის კეთილმოწყობა, რომლისთვისაც 3 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
სამოქმედო გეგმის პროექტში ვკითხულობთ, რომ ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის სამოგზაურო მარშრუტზე 5 მთის ქოხი და საინფორმაციო დაფები დამონტაჟდება, რისთვისაც 4 მილიონზე მეტია განსაზღვრული.
მომდევნო სამ წელში იგეგმება სოფელ ფოკაში ფარავნის ტბის ჯებირისა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოწყობაც. ამ სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
ზამთრის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარება
თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ბაკურიანში იგეგმება ხელოვნური გათოვლიანების სისტემისა და წყლის ხელოვნური რეზერვუარის, ასევე, ახალ სათხილამურო არეალში სათხილამურო გზების მოწყობა იგეგმება. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 95 500 000 ლარია გამოყოფილი.
ყაზბეგის, მესტიის, ნინოწმინდის, ახმეტის, ლენტეხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში იგეგმება 7 ახალი საბაგიროს მშენებლობა, რაც ბიუჯეტს 234, 000, 000 ლარი დაუჯდება.
მესტიაში, თეთნულდზე, დამონტაჟდება საზვავე მოწყობილობა, რისთვისაც 800, 000 გამოიყოფა; ჰაწვალზე, 1 მილიონ ლარად, ახალი სასრიალო გზა, ბაკურიანში კი 65,000,000-ად, ბიატლონის ტრასა მოეწყობა. ტობოგანის მოწყობაა დაგეგმილი ჰაწვალსა და გუდაურში, რისთვისაც 11, 000, 000 ლარია განსაზღვრული.
2 მილიონი დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს მესტიაში პარკირებისა და მასთან მისასვლელი გზის მოწყობა. გუდაურის, ბაკურიანის, თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტებზე საპირფარეშოების მოსაწყობად კი 3 მილიონი უნდა დაიხარჯოს. დაგეგმილია, ასევე, ამავე კურორტების სპეცტექნიკით აღჭურვა, რისთვისაც 10,000,000-ია განსაზღვრული.
აგროტურიზმის, ეკოტურიზმისა და კულტურის სფეროში ტურიზმის მხარდაჭერა
ამ მიმართულებების მხარდასაჭერად, ჯამში, 1,110,000 ლარია გამოყოფილი და დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების ჩატარება: მედია ტურნირი; პროექტის – “აღმოაჩინე ის რაც შენია” ფარგლებში დაგეგმილი პრეს-ტურები; ზამთრის სეზონის გახსნები; ველომარათონი. აღნიშნული ღონისძიებების ჩასატარებლად კი კვლავ თეთნულდი, გუდაური და ბაკურიანია განსაზღვრული. ერთადერთი, რაც, სავარაუდოდ, სხვა მაღალმთიან დასახლებებშიც გაიმართება, პრესტურებია, თუმცა, კონკრეტულად, სად, სამოქმედო გეგმის პროექტით განსაზღვრული არ არის.
ტურისტული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება
ამ მიმართულებით, ჯამში, სამ წელიწადში, 600 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი და ის ტურიზმის სექტორში დასაქმებული 300 პირისა და სამთო კურორტების პერსონალის (დაახლოებით 400 თანამშრომლის) გადამზადებას მოხმარდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწყობა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში იგეგმება დარბაზის ტიპის სახლისა და ძველი დარბაზული ტიპის საცხოვრებლის აღდგენა, აქვე უნდა მოეწყოს ეთნოგრაფიული მუზეუმი და დამხმარე მულტიფუნქციური სივრცეები. ამისათვის ჯამში 2 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად, ამ პროექტში ფინანსურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკიც გაგვიწევს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, დაგეგმილია ზაქაგორის ისტორიული ციხე-დასახლების კონსერვაცია/რესტავრაცია, თრუსოს დაცული ტერიტორიის განვითარება და მდგრადი შენარჩუნება. ამ სამუშაოებისთვის 9,300,000 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტი და მსოფლიო ბანკი გაიღებენ.
სამოქმედო გეგმის პროექტით, ასევე, იგეგმება ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 470 000 დაიხარჯება.
სამოქმედო გეგმის პროექტი უკვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში. მისი განხილვა, ასევე, უნდა მოხდეს მთის მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რის შემდეგაც მთავრობა სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს.