მარნეულის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების საკითხზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა

991

ბოლნისის რაიონულ სასამართლოში დღეს, 19 თებერვალს, მარნეულის მერიის 2020-21 წლების ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსარჩელე სამირა ბაირამოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის 400 000 ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი, რაც დისკრიმინაციულია და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება.

„ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ მიმართულებით, არ უნდა იყოს ჩართული ადგილობრივ დონეზე რელიგიის გაძლიერების პროცესში, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან ყველა რელიგიის წარმომადგენლები იღებენ შესაბამის დაფინანსებას. ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ესაა, რომ ადგილობრივ დონეზე გაუქმებული იყოს რელიგიური კონფესიების დაფინანსება, რადგან ეს არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მითუმეტეს როდესაც ვიცით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმური რელიგიის მიმდევარია, ხოლო დაფინანსებას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია ღებულობს,“ – განაცხადა სამირა ბაირამოვამ.

ბაირამოვას განცხადებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გიორგაძემ პირველ სხდომაზე საჩივრების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა 2020 და 2021 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ეპარქიისათვის გამოყოფილი თანხები.

„ჩვენ სასამართლომ შემოგვთავაზა, რომ ორივე სარჩელი გავაერთიანოთ და ერთად მოხდეს მათი განხილვა. ვინაიდან არცერთი მხარე წინააღმდეგები არ ვიყავით, ეს საქმეები გაერთიანდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომელთა განმარტებითაც საქმეში მესამე მხარედ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ნაცვლად საპარტიარქო უნდა ყოფილიყო. ვინაიდან 2020 წელს მარნეულის მერიამ თანხა მარნეულისა და ჰუჯაბის საპატრიარქოს ჩაურიცხა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მესამე მხარედ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია დარჩება, ხოლო რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დავას, ამ საქმეში მესამე მხარედ საქართველოს საპატრიარქო შემოვა“, – ამბობს სამირა ბაირამოვა.

ბაირამოვას განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო სხდომა აპრილშია ჩანიშნული.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის დაფინანსების შეწყვეტას არ ეთანხმება.

„მე არ ვთვლი რომ ესეთი დაფინანსება უნდა შეწყდეს. ეს მიზანშეწონილია იმიტომ, რომ მარნეულში აღრიცხულია, დაახლოებით, 120-ზე მეტი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლი, რომელიც ითხოვს მოვლა-შენახვას და მის აღდგენას. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოხდეს ამ სამუშაოების შესრულება“, – ამბობს ზაურ ტაბატაძე.

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისათვის 400 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეულის“ ზარებს მარნეულისა და ჰუჯების ეპისკოპოსი არ პასუხობს.