სტუდენტები ბორჯომის მერიისგან დაფინანსების წესის გადახედვას ითხოვენ

315

კერძო უმაღლესი სასწავლებლების და მაგისტრი სტუდენტების მიმართვას ბორჯომის მერია გამოეხმაურა.  თვითმმართველობიდან სტუდენტებს წერილობით აცნობეს, რომ მათ მოთხოვნას განიხილავენ და გაითვალისწინებენ, მაგრამ როდის, ეს წერილში განმარტებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ბორჯომის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ და ყველა საგანში 91 ქულაზე მეტი აქვთ, მერიისგან 1 000 ლარს მიიღებენ.  აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება კერძო უმაღლეს სასწავლებელის და მაგისტრატურის სტუდენტებს, სწორედ ეს გახდა მათი პროტესტის მიზეზი.

გეთანხმებით, რომ „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე  კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, ამასთანავე გთხოვთ, გაითალისწინოთ, რომ ზემოთ მითითებული წესი არის ნოვაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე მომხდარიყო სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტთა წახალისება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს არის ახალი ინიციატივა და ისე როგორც ყველა ადმინისტრაციული  აქტი, ექვემდებარება გადახედვას და ცვლილების შეტანას.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი აგრძელებს საკითხის შესწავლას და შემდგომში მასთან დაკავშირებით მსჯელობისას, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა საჭირო ინფორმაცია და წინადადება, მათ შორის თქვენი განცხადებაც“, – ნათქვამია ბორჯომის მერიის მიერ  სტუდენტებისთვის გაგზავნილ წერილში.