საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება. 15 თებერვლიდან, შაბათ-კვირის გარდა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა მუშაობა განაახლა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ხარაგაულში აგრარული ბაზარი მაინც დაკეტილია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის ბაზარი გასულის წლის მარტში დაიხურა და მას შემდეგ ბაზრის თანამშრომელთა ნაწილი ღია ცის ქვეშ ვაჭრობს. პარასკევსა და კვირას კი სოფლებიდან ჩამოსულ ადამიანებს თავიანთი პროდუქცის რეალიზება ქუჩაში უწევთ.
„ხარაგაულში ბაზარი აუცილებელია, მაგრამ მას მიხედვა სჭირდება – ამბობენ ხარაგაულის აგრარული ბაზრის ყოფილი თანამშრომლები, – გასულ პარასკევს წვიმდა, ყველი პარკებით გზაზე ელაგა და მის წვენს ქუჩის ბინძური წყალი ერეოდა. როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ყველის გაყიდვა?!
თუ ეს დახლები აღარ ვარგა და აღარ მოსწონთ, ხომ შეიძლება პატარა კოხტა ბაზარი ააშენონ, გადახურული, სადაც სუფთად გავყიდით ჩვენს პროდუქციას. სულაც არ გვსიამოვნებს, აქ რომ ვდგავართ ღია ცის ქვეშ, მაგრამ ჩვენი პენსია მხოლოდ წამლებში არ გვყოფნის. ხარაგაულის საზოგადოების ნაწილი ვართ და ყურადღება გვჭირდება. ახალი ხელმძღვანელები ავირჩიეთ. ერთხელ მაინც დაინტერესდნენ და ადგილზე ნახონ პარასკევს და კვირას რა მდგომარეობაა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
ხარაგაულელი ეკა შველიძე ამბობს, რომ ხარაგაულის ბაზარში ეკოლოგიურად სუფთა, სოფელში წარმოებული პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.
„საჭიროა აგრარული ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს. ევროპის ნებისმიერ ქალაქში არის პატარა ბაზრები, რომლებიც თითქოს მათი კულტურისა და ეთნოსის ნაწილია. ხარაგაულში გვაქვს ბაზარი, რომლის მოწესრიგება შეიძლება და რატომ უნდა იდგნენ მოვაჭრეები ქუჩაში,“ – ამბობს ეკა შველიძე.
ხარაგაულის აგრარული ბაზრის დირექტორი ზოია ხარებაძე ამბობს, რომ ბაზრის გახსნასა და არსებული რეგულაციების შესრულებას დიდი თანხა სჭირდება.
„მოსაწესრიგებელია ბაზრის მთელი ტერიტორია, ბაზრის ადმინისტრაციის შენობის სახურავი რამდენჯერმე საკუთარი ხარჯებით შევაკეთეთ. ახლა აღარაფრის საშუალება აღარ მაქვს. ხარაგაულის ბაზრის ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ადგილობრივ ხელისუფლება არასოდეს დაგვხმარებია.
ხარაგაულის ბაზრის ტერიტორიის შესყიდვით ზესტაფონელი პიროვნებაა დაინტერესებული, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. ჯერჯერობით, მეტი არაფერი ვიცი,“ – ამბობს ზოია ხარებაზე.
რა შეიძლება გაკეთდეს ადგილობრვი ხელისუფლების მხიდან ხარაგაულში აგრარული ბაზრის ასამოქმედებლად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„თუ ხარაგაულელი მოქალაქეების მხრიდან არსებობს მოთხოვნა, რომ ხარაგაულში აგრარული ბაზარი ფუნქციონირებდეს, ჩვენ ხელს შევუწყობთ მის ამოქმედებას. ბაზრის ადმინისტრაციასა და მის თანამშრომლებს დახმარების მოთხოვნით ჩვენთვის არ მოუმართავთ. თუ მომმართავენ, მათთან ერთად ვიმსჯელებთ და განვიხილავთ, რა სახის დახმარება შეიძლება გავუწიოთ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კობა ლუსმანაშვილმა.