ცქიტიშვილი: საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით

349

საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ძლიერ თვითმმართველობას ქმნიან კარგი საჯარო მოხელეები და ამისათვის გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები.

„აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მართვის ევროპული პრაქტიკების დანერგვა. ჩვენი სამინისტროს მხრიდან დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას. დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება თვითმმართველი ერთეულების საკუთარი უფლებამოსილებათა განხორციელების მხარდაჭერისთვის; გაგრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესი; გაგრძელდება ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი. ამ ეტაპისთვის ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა დასრულდა საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში, ხოლო დანერგვის პროცესი მიმდინარეობს მომდევნო 21 მუნიციპალიტეტში“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა ინსტიტუციური დაახლოვება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ აუცილებელია კაპიტალური ხარჯების მაღალი დონის შენარჩუნება. ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში განაპირობებს მთელი ქვეყნის და რეგიონების ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე ნიშნავს ინვესტიციას ქართულ კომპანიებში და სტაბილურ შემოსავალს რამდენიმე ათეული ათასი დასაქმებულისთვის. ყოველივე ეს გვაახლოებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ეკონომიკურ განვითარების დონესთან. თუმცა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური დაახლოვება, მათ შორის რეგიონული განვითარების პოლიტიკაში ევროპული მეთოდოლოგიის უფრო აქტიურად გამოყენება.

უკვე დაწყებული გვაქვს ევროკავშირის „გონივრული სპეციალიზაციის“ მიდგომების აქტიური პილოტირება, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენასა და შესაბამისი განვითარების გეგმების შემუშავებას. ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრთან ერთად საპილოტე რეგიონად შერჩეულია იმერეთის რეგიონი.

დავიწყეთ ტერიტორიული მოწყობის ევროპულ სტატისტიკურ კლასიფიკაციასთან დაახლოებაც, რომელზე დაყრდნობითაც მომავალში შევძლებთ ევროკავშირის სტრუქტურული და სხვა ფონდებიდან რეგიონების გამოთანაბრებისთვის მივიღოთ მსხვილი პროგრამული ინვესტიციები“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.