სოფელ ქუთლიარში სკოლის ეზოში მოწყობილი სპორტული მოედნის დემონტაჟი 2019 წელს განხორციელდა. მიზეზი სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა იყო. სტადიონის დემონტაჟი ადგილობრივებმა გააპროტესტეს, თუმცა ყოფილი მერი ზაურ დარგალი მათ დაპირდა, რომ სკოლის აშენების შემდეგ, სოფელში საფეხბურთო მოედანიც მოეწყობოდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სკოლის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა.
საკითხის გასარკვევად გამოცემა სოფელი ქუთლიარის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს ბახტიარ ჰურიანოვს დაუკავშირდა. მან თქვა, რომ სოფელ ქუთლიარში სტადიონის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 2022 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.
ჰურიანოვმა თქვა, რომ სკოლის ახალი შენობის ჩაბარების შემდეგ, ძველის დემონტაჟი მოხდება და ადგილზე სტადიონი მოეწყობა.