ვანის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 159 200 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2018-2019 წლებში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით. დადგენილი წესის მიხედვით, საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს
კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების განხორციელების მიზნით, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განესაზღვრა ყოველთვიურად 447 ლარი.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის წევრებს 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ სულ 159.2 ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, თანხების გაცემის საფუძვლად მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათები საკრებულოს წევრებისათვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ. თუმცა, მათივე ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს. შესაბამისად, საკრებულოს
წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებზე ყოველთვიურად გაცემულია ფიქსირებული თანხა, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა – 447 ლარი. რაც აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ საკრებულოს წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს, ზუსტად იდენტური დანახარჯები ჰქონდეთ.
ასევე, ანგარიშის მიხედვით, ნაკლებად სარწმუნოა ის გარემოებაც, რომ დანახარჯები ყოველთვიურად უცვლელია.
“აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხარვეზი დაფიქსირებული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა აუდიტის ანგარიშშიც. მიუხედავად ამისა, მერიას სათანადო რეაგირება არ განუხორციელებია და დარღვევა კვლავ ფიქსირდება”, – აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2018-2019 წლებში ვანის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 159.2 ათასი ლარი გაიცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.