გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, 67-ვე საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით.
ამასთან, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სკოლებს აქვთ პირბადეების ლიმიტირებული მარაგიც.
„ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით. შესაბამისად, სკოლის შენობის დეზინფექცია და სველი წესით დალაგება პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება. ბავშვებისა და დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეგულაციების შესრულებაზე მიმდინარეობს კონტროლი.
გეტყვით ასევე, რომ სკოლებს აქვთ პირბადეების ლიმიტირებული მარაგიც და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლეს დაავიწყდება, დაუზიანდება ან სხვა მიზეზის გამო არ ექნება პირბადე, სკოლა უზრუნველყოფს მას სამედიცინო ნიღბით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსწავლეს ყოველდღიურად დაურიგდება პირბადეები. მოსწავლის პირბადით უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნოს მშობელმა, თუმცა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, სკოლებს გარკვეული მარაგი გადაეცათ“, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა. ამასთან, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.