საქსტატი: 2021-2022 წლებში სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა

274

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო, 57.4 პროცენტი – ბიჭი.

მათივე ინფორმაციით 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.

მათივე ცნობით რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

გარდა ამისა საქსტატის ინფორმაციით 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.1 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.9 პროცენტი – ბიჭი.

რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს.