მეხუთე კლასიდან ზემოთ, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

370

მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ არსებული დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად მიიღო.

ამასთან, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და 15 თებერვალს სასწავლო პროცესის განახლებისთვის სრული მზადყოფნაა.

„როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვალს სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდება სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან. ყველაფერი კეთდება იმ კარგი დინამიკის შესანარჩუნებლად, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლებში უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს და ამას შენარჩუნება სჭირდება. ამას ორშაბათს ემატება უკვე ქუთაისი, თბილისი, რუსთავი. უკვე ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი და მთავარი აქ არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული. სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, დიდი მიღწევაა, რომ სასწავლო პროცესი უბრუნდება ბუნებრივ გარემოს, საკლასო ოთახებს და ამის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა აღარ მოხდეს დისტანციურ ფორმატზე გადასვლა.

„ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოიტანონ თავიანთ შვილებს პირბადე, დეტალური პროტოკოლი შემუშავდება, დაურიგდება სკოლებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის, რაც მოსალოცი ამბავია, რომ სასწავლო პროცესი უბრუნდება ბუნებრივი გარემოს. ყველას გვინდა, რომ ეს შევინარჩუნოთ და აღარ მოგვიწევს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა“, – განაცხადა ჩხენკელმა.