ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდაზე: ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი

576

ქუთაისის საკრებულო, უახლოეს სხდომაზე, სავარაუდოდ, ავტობუსების მგზავრობის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მართალია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ამბობს, რომ ეს საკითხი შესაბამის კომისიებში არ განხილულა, თუმცა, ფასის მომატება უკვე დაანონსა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა. შენგელია გადაჭრით არ ამბობს უნდა გაიზარდოს თუ არა მგზავრობის საფასური და აცხადებს, რომ საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

“საკრებულოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია, მათ შორის, არ მომხდარა განხილვა შესაბამის კომისიებში. ეს თემა უნდა გახდეს მსჯელობის საგანი”, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

რიგგარეშე სხდომამდე, რომელიც 15 თებერვალსაა ჩანიშნული, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ ავტობუსებს მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას” უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადასცემს.

ქალაქში ახალმა მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა 8 თებერვალს დაიწყო. ქუთაისს “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBღD) ფინანსური მხარდაჭერით, სულ 60 ავტობუსი გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებულია შშმ პირებზე. ავტობუსებში ჯერჯერობით არ არის დამონტაჟებული უკონტაქტო გადახდის სისტემა, რაც საბოლოოდ ყველა მუნიციპალურ ავტობუსში უნდა დაინერგოს. მერიას ამ დრომდე არ აქვს არც ახალი სვლაგეზების გეგმა, რომლის შემუშავების საჭიროებაზეც ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ დრომდე არც გაჩერებებზე მოუწყვია დაპირებული ელექტრონული ტაბლოები.

ახალი ავტობუსების შესაძენად მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 039 5177 ევროს გრანტი და 5 775 099 ლარის სესხი აიღო. ვალად აღებული თანხა მერიამ 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.