ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტში ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისთვის 70 000 ლარი განსაზღვრა, საიდანაც ერთი პაციენტისთვის 2 500 ლარია განკუთვნილი. აღნიშნული თანხა პაციენტებს შეუძლიათ მედიკამენტების შესაძენად, სტაციონალური მკურნალობის ან ოპერაციის გასაკეთებლად გამოიყენონ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც, ბორჯომის მერიის ჯანდაცვის და სოც–უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის განყოფილებაში აცხადებენ, გასულ წლებში ონკოლოგიურ პაციენტებს სხივური და ქიმიო თერაპიის კურსს უფინანსებდნენ (არაუმეტეს 2000 ლარით), რადგან აღნიშნული მომსახურება ახლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, გადაწყვიტეს პაციენტებს სხვა მიმართულებით დახმარებოდნენ და თანხაც 2 500 ლარამდე გაეზარდათ.
„შევქმენით ონკოლოგიური პაციენტების დახმარების ახალი პროგრამა, რომელიც მოიცავს სტაციონალური მკურნალობის, ოპერაციის და მედიკამენტების დაფინანსებას. ეს არის გათვლილი პირველ, მეორე და მეოთხე კლინიკურ ჯგუფებზე. აქამდე პაციენტებს წლის განმავლობაში 2000 ლარით ვეხმარებოდით, ახლა თანხა 2500–მდე გავზარდეთ“, – ამბობს განყოფილების მთავარი სპეციალისტი ირინა არბოლიშვილი.
გარდა აღნიშნულისა, მესამე კლინიკური ჯგუფის ონკოლოგიურ პაციენტებს დამატებით 150 ლარის მიღება შეუძლიათ: „ონკოლოგის მიერ ფორმა 100–ის გაცემის საფუძველზე დავეხმარებით ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით. ეს არის შედარებით მსუბუქი, ფაქტობრივად გამოჯანმრთელებული კლინიკური ჯგუფი, რომელიც საჭიროებს მედიკამენტებით მკურნალობას“, – განმარტა ირინა არბოლიშვილმა.