სოფელ აწყვიტაში 1 წლის წინ აშენებული ამბულატორია ინვენტარის უქონლობის გამო ვერ ფუნქციონირებს

374

სოფელ აწყვიტაში ამბულატორია, რომლის აშენებისთვისაც ერთი წლის წინ 77 000 ლარი დაიხარჯა, უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობაში საჭირო ინვენტარი  არ აქვთ, ამიტომ 500 კაციანი სოფლის ერთადერთი ექთანი პაციენტებს ბინაზე ემსახურება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ციალა ბირჩაძე 30 წელია სოფელ აწყვიტაში ექთნად მუშაობს. ამბობს, რომ გაუხარდა როცა სამედიცინო პუნქტი აუშენეს, თუმცა შენობას დანიშნულების მიხედვით ვერ იყენებს. სამედიცინო პუნქტში მხოლოდ ორი ძველი მაგიდა და სამი სკამი დგას.

„ტახტი არ დგას, პაციენტს ნემსი რომ გავუკეთო, არც ისტორიების კარადაა. ვაქცინებს ტოლოშის ამბულატორიის მაცივარში ვინახავთ“, – ამბობს სოფლის ექთანი.

ახლად აშენებული ამბულატორია 2020 წლის გაზაფხულზე გახსნეს, ციალა ბირჩაძე ამბობს, რომ ინვენტარით აღჭურვას დაპირდნენ, მაგრამ ავეჯი ჯერ არ შეუტანიათ.

„ბინტი, ბამბა, წნევის წამალი მაქვს, ჩემი სახსრებით ვყიდულობ, ავეჯსა და სხვა საჭირო მედიკამენტებზე მეუბნებიან, რომ შემოიტანენ, მაგრამ ჯერ არ ჩანს“.

როდის აღიჭურვება ამბულატორია საჭირო ინვენტარით უცნობია, ჯანდაცვის სამინისტროში “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, რომ ეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან უნდა გაერკვია. ასპინძის მერის მოადგილე, ლევან ბერიძემ კი გამოცემა ჯანდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.