ქუთაისის მერიაში განმარტეს, რა თანხები დაიხარჯება მერიის ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციაში. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე ამბობს, რომ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას მიერ დასახელებული თანხა 1 600 000 ლარი არასწორია და რეაბილიტაციაზე 225 000 ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, აღნიშნული თანხით აშენდება ერთი და გარემონტდება 7 ადმინისტრაციული ერთეული.
“ეს გადაწყვეტილება მიიღო მერიამ იმიტომ, რომ მოხდეს მოქალაქეების მოწესრიგებულ, ადაპტირებულ და ტექნიკურად გამართულ შენობებში მომსახურება, რაც მოქალაქეებისათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიღებას უზრუნველყოფს,”-განაცხადა პეტრე ადამაძემ.
ადამაძე ამბობს, რომ წულაიას მიერ დასახელებული თანხა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის არასწორია და მათთვის მერია 741 000 ლარს გამოყოფს, რაც თერაპიის კურსს სრულად დააფინანსებს.