სახელმწიფო რწმუნებულების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.
„ხარისხიანი, ეფექტური კოორდინაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, უკიდურესად მნიშნველოვანია. დღეს გვაქვს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, რომელსაც გავახმოვანებთ და რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ და კიდევ უფრო ეფექტური გახადონ ეს კოორდინაცია. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებაში, ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნატორების, ჩვენი მოქალაქეების როლი, ფუნქცია და მათი ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას მოგეხსენებათ, რომ დღეს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას და ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგალითად, დადებითობის მაჩვენებლები გაიზრდება, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მათ შორის, ვირუსიც, ვმართოთ რეგიონალურ ჭრილში და მაშინ, როდესაც კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს აჭარაში, ან კახეთში და სხვაგან, სადმე, რომელიმე რეგიონში, ცოტა უფრო რთული სიტუაციაა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სრულად უნდა დაიკეტოს ქვეყანა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ, ეკონომიკური აღდგენა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტურად“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.