გარდაბნის მერმა 2018-2019 წლებში ავტომობილში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხა, ვიდრე ავზში ეტევა, – ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ავტომობილში სახელმწიფო ნომრით GG-077-MM, რომლითაც მერი რამაზ ბუდაღაშვილი სარგებლობს, 2018-2019 წლებში დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები ფიქსირდება.
მაგალითად 2018 წლის 31 იანვარს ავტომობილში, რომლის ავზის ტევადობაც 90 ლიტრია, 7 წუთიან ინტერვალში 130 ლიტრი საწვავი ჩაასხეს.
გარდა ამისა, ამავე ავტომობილში საწვავის ჩასხმა ფიქსირდება სხვა ქალაქში მაშინ, როდესაც მერი ქვეყნის შიგნით სამსახურეობრივ მივლინებაში არ იმყოფებოდა. მაგალითად, 2019 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო სანომრე ნიშნის GG-077-MM მქონე ავტომობილში საწვავი ქალაქ ხაშურში ჩაასხეს.
დასკვნის მიხედვით, 2018-2019 წლებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმის სულ გამოვლინდა 191 შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 3.1 ტონა საწვავი.
2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ 5.0 ტონამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს კერძო საკუთრებაში მყოფ ავტომობილებში. ასევე გამოვლინდა, რომ 500 ლიტრამდე საწვავი დახარჯულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე. გარდა ამისა, 6.0 ტონამდე საწვავი ავტომობილებში ჩასხმულია სხვადასხვა ქალაქში ისეთ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირები არ იმყოფებოდნენ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივ მივლინებაში.
2021 წელის 5 თებერვალს გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების განსახორციელებლად მთავრობის რეკომენდაციით გათვალისწინებულ 8 ავტომობილის მაგივრად 92-ს იყენებდა.
“გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 8 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა.
მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 23 სამორიგეო და 69 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით, ხოლო 2019 წელს − 19 სამორიგეო და 76 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 823.7 ათასი ლარის ღირებულების 393.6 ტონა საწვავი”,- ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.