აბასთუმნის ობსერვატორიაში ციფრული მუზეუმი მოეწყობა

481

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისთვის ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური სამეცნიერო ციფრული მუზეუმის მოწყობას გეგმავს.

„ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი იქნება მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საინჟინერო და მათემატიკურ აღმოჩენებს გააერთიანებს და დამთვალიერებელს, საინსტალაციო ოთახში, მოძრაობის სენსორებისა და მგრძნობიარე მონიტორების საშუალებით, ალტერნატიული შემეცნების გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს.

ციფრული მუზეუმი გახდება რეგიონის „ჰაბი“, რომლის მიზანი დამთვარიელებლებისთვის მეცნიერების მიმართ ინტერესის გაზრდა და  მხიარული, ინტერაქციული გზებით მიკრო და მაკრო ფიზიკის გაცნობა იქნება. ინტერაქციული საგანმანათლებლო ცენტრი, საგანმანათლებლო პროექტებით მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ვიზიტორებს“, – წერია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პროექტის აღწერაში.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად პირველ ეტაპზე საჭიროა ციფრული მუზეუმის კონცეფციის შემუშავება. ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოცდილების მქონე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, ბაზრის კვლევას ატარებს.

„დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეასრულონ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული დავალება, სადაც პროექტის სავარაუდო ღირებულება და ხანგრძლივობა უნდა გაიწეროს. განაცხადების მიღების ბოლო ვადად  2021 წლის 19 თებერვლის, 15:00 საათია განსაზღვრული. დასრულებული საპროექტო განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ საფოსტო მისამართზე:  procurement@mdf.org.ge“, – წერია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.