ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია, მათ შორის, არ განხორციელებულა უძრავი ქონების ინვენტარიზაცია, რომელიც სავალდებულოა სამ წელიწადში ერთხელ. შესაბამისად, არ მომხდარა აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება. ასევე, ფინანსური და არაფინანსური აქტივების შენახვის/დაცვის წესებისა და პირობების და არაფინანსური აქტივების ექსპლუატაციის წესების დაცვის შემოწმება, – , – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაარღვია სამართლებრივი აქტის მოთხოვნები ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის შესახებ.
“შედეგად არსებობს მაღალი რისკი, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაფინანსური და ფინანსური აქტივების, მატერიალური ფასეულობების შენახვისა და დაცვის პირობების დარღვევის, ასევე, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.