აუდიტი: ზესტაფონის მერიამ 273 100 ლარი არაეფექტურად გახარჯა

596

ზესტაფონის მერიამ ბიუჯეტიდან გასწია 273.1 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების, შეძენილი აქტივების განკარგვისა და საპროექტო დოკუმენტაციის რეალიზების მხრივ ხასიათდება სისტემური ხარვეზით. მერიამ ვერ უზრუნველყო პროექტების ოპტიმალური დაგეგმვა და არსებული რესურსის ეფექტიანი გამოყენება. აღნიშნულის გამო, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა შედეგი ვერ მიიღო, სულ 273.1 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსის ხარჯვიდან.

“კერძოდ:2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ნაშთად ერიცხება 123.5 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. ნაშთი მოიცავს 2018 წლამდე პერიოდში შეძენილ მასალებსაც. მერიამ სწორად ვერ განსაზღვრა მასალების საჭირო მოცულობები და/ან ვერ უზრუნველყო მათი დანიშნულების მიხედვით გამოყენება, რის გამოც მატერიალური აქტივი წლების განმავლობაში დასაწყობებულია და მისი ხარისხი უარესდება, მაგალითად: ადგილობრივი ბიუჯეტისა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სახსრებით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტი სამშენებლო მასალებს გადასცემდა მრავალსართულიანი სახლების ამხანაგობებსა და სოფლის მოსახლეობას, სამუშაოების საკუთარი ძალებით შესასრულებლად.

კერძოდ, დაგეგმილი იყო საცხოვრებელი ბინების გადახურვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა/რეაბილიტაცია და სხვ. შესწავლით ირკვევა, რომ შეძენილი მასალების ნაწილი, ღირებულებით − 70.2 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს არ გამოუყენებია და შესაბამისად, დაგეგმილი სამუშაოები არ განუხორციელებია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

  • მუნიციპალიტეტმა ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დახარჯა სულ 141.4 ათასი ლარი და მმართველობითი გადაწყვეტილებებით ვერ მიიღო პროექტებით განსაზღვრული კონკრეტული შედეგები. კერძოდ, წინა წლებში შეძენილია მოძრაობის მაკონტროლებელი კამერები, რომლებიც არ ფუნქციონირებს, დაუსრულებელია სასმელი წყლის სისტემები და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება და სხვ.
  • 2017-2018 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 145.7 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დაგეგმილი იყო 156 ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება.

აუდიტის მიმდინარეობისას გამოუყენებელი იყო 8.2 ათასი ლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა 16 ობიექტის მშენებლობას/რეაბილიტაციას. კერძოდ, არ შესრულებულა საყრდენი კედლების, სკვერის, შიდა ეზოების, სანიაღვრე არხების, ტროტუარების, გზების რეაბილიტაციისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ღირებულებით – 1,383.4 ათასი ლარი.

“წარმოდგენილი მონაცემებით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენება ახლო მომავალშიც არ არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ შესყიდული დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად საჭიროა და მათი განხორციელება მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს.

გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ დროთა განმავლობაში საქონლის საბაზრო ღირებულებისა და შესაბამისად, ერთეული ფასების ცვლილების გამო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გახდეს მოქმედ ფასებთან შეუსაბამო და კორექტირებისათვის საბიუჯეტო თანხები დამატებით დაიხარჯოს”, – წერია ანგარიშში.

სახელწმიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა დანიშნულების მიხედვით ვერ გამოიყენა შესყიდული სამშენებლო მასალების არსებითი ნაწილი და დაგეგმილ პერიოდში ვერ დაასრულა/არ დაგეგმა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ მიზნით მერიამ ბიუჯეტიდან გასწია 273.1 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.

აუდიტის რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს და შეაფასოს დაუსრულებელი ობიექტების/აქტივის მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები დაწყებული ან ალტერნატიული პროექტების დასასრულებლად.