ადიგენში 4 137 ჰექტარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს შეუერთდა

343

ადიგენში, ნასაბაჯვარისა და კურცხანას ტერიტორიები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს შეუერთდა, შედეგად ეროვნული პარკი  4 137 ჰექტარით გაფართოვდა. მიერთებული ტერიტორიების 24 საათიან მონიტორინგს  ექვსი რეინჯერი განახორციელებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის  განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაიცავენ ადიგენში მდებარე უნიკალურ ტყეს, წითელ ნუსხაში შეტანილ ძუძუმწოვრებს და ფრინველთა რამდენიმე სახეობას.

„ნებისმიერი დაცული ტერიტორიის დაარსებასა და გაფართოებას საფუძვლად უდევს შესაბამისი საბაზისო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბოტანიკური, ზოოლოგიური, სოციოლოგიური და სხვა, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული სიტუაციის გაანალიზება, ფასდება კონკრეტული ტერიტორიის ბუნებრივი ფასეულობა, ძირითადი ღირებულებები, რის შემდეგაც ენიჭება შესაბამისი სტატუსი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორია  წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ დერეფანს მცირე კავკასიონზე, აქ შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრებისა და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კეთილშობილი ირემი, არჩვი, მტაცებლებიდან გავრცელებულია მურა დათვი, ფოცხვერი,  წავი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების  20 სახეობა, მათგან აღსანიშნავია ევროპული მაჩქათელა და გიგანტური მეღამურა.  დაცულ ტერიტორიაზე ასევე გხვდება კავკასიური ციყვი. ფრინველებიდან  ნანახია: სვავი, მთის არწივი, ქორცქვიტა, ველის კაკაჩა. აქ ბინადრობს კასპიური შურთხი კავკასიური როჭო და სხვა“, – აცხადებენ   ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 1995 წელს შეიქმნა, მისი საერთო ფართობი 104,933 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5% ზე მეტია. ბორჯომ- ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.