ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფის“, უფროსად ვაჟა გაჩეჩილაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. იგი მანამდე ექვსი წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში მუშაობდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შპს „კეთილმოწყობის“ გაუქმების შემდეგ, მუნიციპალიტეტის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ააიპ „ახალციხის სერვის ჯგუფია“. როგორც ვაჟა გაჩეჩილაძე ამბობს, 2021 წელს ა(ა)იპ–ის დაფინანსება 1 520 000 ლარი იქნება, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება საშტატო ნუსხაც.
„საშტატო ნუსხა ჯერ არ არის დამტკიცებული, მანამდე 159 თანამშრომელი იყო, ახლა სავარაუდოდ 177 იქნება, რადგან მერიის შენობის დასუფთავებაც ჩვენ დაგვევალა. ზუსტად არ ვიცი, ამ საკითხზე უნდა შევჯერდეთ“, – ამბობს ვაჟა გაჩეჩილაძე.
„ახალციხის სერვის ჯგუფის“ წესდების თანახმად, ახალი იურიდიული პირის საქმიანობა მოიცავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი საქმიანობების განხორციელებას:
• ქუჩების მოვლა პატრონობა/ნარჩენების შეგროვება გატანა/ კეთილმოწყობა;
• გარეგანათების სისტემის მოვლა–პატრონობა / აღდგენა–რეაბილიტაცია;
• საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების შეგროვება/ტრანსპორტირება ;
• სანაგვე ბუნკერების შეკეთება/აღდგენა;
• სანიაღვრე ქსელების უზრუნველყოფა;
• ხე–მცენარეების მოვლა/პატრონობა;
• საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტების და სანაგვე ბუნკერების დეზინფექცია;
• საგზაო ნაგებობების მოვლა/პატრონობა, აღდგენა;
• ბავშვთა გასართობი და გარე გამოყენების სპორტული ინვენტარის მოვლა–პატრონობა/აღდგენა–რეაბილიტაცია;
• საერთო სარგებლობის სველი წერტილების მოვლა–პატრონობა;
• უპატრონო ძაღლების იმუნიზაცია/კასტრაცია/სტერილიზაცია;
• მუნიციპალიტეტისთვის კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვაში ხელშეწყობა;
• ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დასუფთავება.