„ყველა ხელშეკრულება კეთილსინდისიერად გაფორმდა“- ახალქალაქის მერი IDFI-ის კვლევაზე

631

წინა სტატია

ახალქალაქის მერი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევას ეხმაურება. იურიკ უნანიანი ამბობს, რომ კომპანიასთან, რომელმაც კოთელიის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ხელშეკრულება კანონის სრული დაცვთ გაფორმდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„თუ ყოფილხართ ალბათ ნახავდით, რომ გაკეთებულია კეთილსინდისიერად და ყველაფერი მაღალ დონეზეა,“- ამბობს იურიკ უნანიანი.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ განცხადებით, პანდემიის პერიოდში მუნიციპალიტეტებში საეჭვო შესყიდვები განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობები გამარტივებულ შესყიდვებს გამოუცდელ ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ კომპანიებთან აფორმებდნენ.

აღნიშნულ კვლევაში მოხვდა ახალქალაქიც. სადაც წერია, რომ მუნიციპალიტეტმა კოთელიის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება დაუდო ი/მ მამიკონ ჰოვანესიანს, ხელშეკრულების ღირებულებამ 63 000 ლარს გადააჭარბა.

„ქართული ოცნების“ 2017 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ჰოვანესიანს ოცნებისგან ანაზღაურების სახით 312.5 ლარი აქვს აღებული.

ახალქალაქის მერი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია მამიკონ ჰოვანესიანის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის შესახებ და ამჟამად ვერც აღნიშნულ პიროვნებას იხსენებს.

„ვინც გინდა იყოს, იქ ყველაფერი დაცული იყო. პანდემიის გამო მთავრობის განკარგულებით შეგვეძლო გამარტივებული ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. ალბათ იყო თანხმობა ზემდგომი ორგანოებიდან რომ ასე გაკეთებულიყო. მე არ მახსოვს კონკრეტულად როგორ მოხდა კოთელიაში, მაგრამ იქ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. ყველა სკოლაში კეთილსინდისიერად შესრულდა სამუშაოები“, – აცხადებს იურიკ უნანიანი.