ზუგდიდის საკრებულო სასტუმრო ოდიშის შენობას აუქციონზე მეორედ გაიტანს

359

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საკრებულომ სასტუმრო ოდიშის შენობის აუქციონის წესით ხელმეორედ გატანის საკითხზე იმსჯელა.

ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, სასტუმრო “ოდიშის” შენობაზე ხელმეორედ გამოცხადდა აუქციონი.

“სამწუხაროდ, წინა აუქციონში მონაწილობა არ მიუღია არცერთ პრეტენდენტს, აუქციონის საწყისმა ფასმა ამჯერად იკლო და ის 2 მილიონი ლარია, რაც შეეხება ვალდებულებას რომ ინვესტორმა აქ სასტუმრო უნდა ააშენოს, ეს უცვლელი რჩება. ინვესტორს, რომელიც შეიძენს ამ შენობას, ეკისრება ვალდებულება რომ განახორციელოს 3 მილიონის ლარის ინვესტიცია”, – განაცხადა ირკალი ლაგვილავამ.

აუქციონზე შენობის გაიაფებამ დეპუტატების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას, რადგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კვადრატული ფართის ღირებულება გაცილებით ძვირია.

უმრალესობის ასევე რამდენიმე დეპუტატის განცხადებით, უმჯობესია რომ შენობის აუქციონზე გატანის საკითხი შეჩერდეს.

რასაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია არ დაეთანხმა:

“აუდიტის დასკვნით, შენობის საბაზრო ღირებულება 2 მილიონია, ვინაიდან ცენტრალური ნაწილია ჩვენ 1 მილიონი მოვუმატეთ. წლების განმავლობაში ეს ქონება რომ ასე დავტოვოთ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მიმაჩნია რომ ამ პირობით, ჩვენს ქალაქს ექნება საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერიის წარმომადგენელმა მიხეილ ჭკადუამ განმარტა, თუ რა გარემოებები უშლის ხელს ინვესტორების მოზიდვას:

“ჩვენ შეხვედრები გვქონდა ინვესტორებთან, თუმცა ვინაიდან ვალდებულებაა სასტუმროს აშენება და ასევე ის ფაქტი, რომ პირველ სართულზე 30-მდე კერძო მესაკუთრეა, ეს გარემოებები ინვესტიციის მოზიდვას ხელს უშლის”, – განაცხადა მიხეილ ჭკადუამ.

საბოლოოდ, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება რომ სასტუმრო ოდიშის შენობა აუქციონზე გავიდეს.

შენობაში ამჟამად რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. დეპუტატების განცხადებით, მათ ივნისის თვეში ახალი საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებენ.

სასტუმრო ოდიშის შენობა აუქციონზე 2020 წლის აგვისტოშიც გაიტანეს.