ხმალაძე: მუნიციპალური ტრანსპორტი “კომენდანტის საათის” დაწყებამდე იმოძრავებს, ხოლო ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვაზე რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა

405

თბილისის ვიცე- მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე იმოძრავებს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. ამასთან, მისი თქმით, ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვის შესახებ რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა.

“მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იქნება საღამოს “კომენდანტის საათის” დაწყებამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდება შაბათ-კვირა. რაც მთავარია, ტრანსპორტში პირბადის ტარება იქნება სავალდებული. კონტროლი მოხდება ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე ადამიანი არ დაიშვება, გაკონტროლდება მეტროს შესასვლელები და ავტობუსების შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან მგზავრი პირბადეს მოიხსნის”,- განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვა ძალაში დარჩება.