ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები საკრებულოს წერილობით მიმართავენ და ითხოვენ, რომ 1 000 ლარიანი სტიპენდია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მსგავსად, მათაც დაერიცხოთ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სტუდენტების პროტესტი ბორჯომის საკრებულოს მიერ, იანვარში მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რის მიხედვითაც 1000 ლარი მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარმატებულ სტუდენტებს დაერიცხება.
„გთხოვთ შეიტანოთ ცვლილება თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში და დაფინანსება შეეხოს კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც, რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატსა და ბაგისტრატურის საფეხურზე. იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
სტუდენტებმა ბორჯომის საკრებულოს 28 იანვარს მიმართეს, განცხადებას 13 ახალგაზრდა აწერს ხელს.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, წარმატებული სტუდენტების დაფინანსებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ იმსჯელებენ თუ არა უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ეს არ იცის.
„დღეს დამეწერა განცხადება, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, ჯერ ეს პროგრამა სრულად დახვეწილი არ არის, ზუსტად ვერ გეტყვით ამ სხდომაზე ვიმსჯელებთ თუ მომავალზე“,–ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი.