პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია მიმდინარეობს, ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელშიც “მოქალქეების” წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ფოტოებია მოთავსებული.
აქციის მონაწილეეებს პარლამენტთან ქაღალდის ჯიხურიც აქვთ დადგმული, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება და ამბობს, რომ “მანდატებს იაფად”, “გია ვოლსკის სადღეგრძელოებს 2 ლარად ყიდის”.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილი ბრუტუსის სახით “ქართული ოცნების” “კლოუნიადას” შეუერთდა. საკანონმდებლო ორგანოსთან ცოტა ხნის წინ ხმაურიც იყო, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ქაღალდის ჯიხურის დადგმის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. ელისაშვილი და იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას დაესწრებიან, რითაც საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 დღის წინ მიიღეს. შეთანხმების დღესვე „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის ტესტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმ საკითხების საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ.