ხიდისთავი-ატენის გზის რეაბილიტაციის დაწყებიდან 10 თვე გავიდა – კომპანიას სამუშაოების მხოლოდ 1% აქვს შესრულებული

376

სამუშაობის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ, კომპანია ,,ენსისის” მხოლოდ სამუშაობის 1% აქვს შესრულებული. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” წერს, ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება 12 მლნ ლარია, 2020 წლის 13 მარტს დაიდო. კომპანია ,,ენსისმა” 12 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წლის იანვარში უნდა დაასრულოს.

ამავე ვებგვერდზე მოცემულია, რომ ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ იმ თანხას ხარჯავს, რომელიც ავანსის სახით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაურიცხა. სხვა გადარიცხვა არაა შესრულებული.

თუმცა გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში, კომპანია ,,ენსისის” ათვისებული უნდა ჰქონდეს 1,3 მლნ ლარი.

გარდა ამისა, 10 თვის განმავლობაში, საავტომობილი გზების დეპარტამენტსა და კომპანია ,,ენსისს” შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 3-ჯერ შეიტანეს.

,,სარეაბილიტაციო გზა გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა. მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.” – აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს განცხადებაში