მარნეულის 2021 წლის 34 934 100-ლარიანი ბიუჯეტი 23 წუთში დაამტკიცეს

333

26 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი 23 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ რადო მარნეული წერს.

ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი ორმა დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ახმედ იმამკულიევმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზად ქარიმოვმა, არ დაუჭირა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე შეიქმნა და მისი მიზანი მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებისათვის“ ხმების დაგროვებაა.

„ძირითადად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა თემში მოსახლეობამ და მაჟორიტარებმაც კი არ იციან თუ რას ვთავაზობთ ჩვენ. მე ვთვლი, რომ ეს ბიუჯეტი არაა მოსახლეობისთვის, ეს ბიუჯეტი არის, როგორც ყოველთვის, საარჩევნო კამპანია. გათვალისწინებულია ძირითადად ისეთი საკითხები, როგორიცაა გზაების დაგება, გარე განათება და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დასანახადაა შემუშავებული. მე ვთვლი, რომ ამ ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა უნდა ყოფილიყო განათლების სფეროში, სპორტის სფეროში და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სფეროში,“ – განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი აზად ქარიმოვი თვლის, რომ 2021 წლის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.

„2021 წლის ბიუჯეტი არის შექმნილი ქართული ოცნების ინტერესებისთის და არა მარნეულელების. როგორც დღემდე და ახლაც არ იხარჯება მარნეულის ბიუჯეტი მიზანმიმართულად. მარნეულის მოსახლეობა არ იყო ჩართული არც ერთი პროცესში ბიუჯეტან დაკავშირებულუ შეხვედრებზე და არ ჰკითხეს ხალხს. ერთი ორი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ყოველთვის და იმიტომაც არსებობს უამრავი პრობლემა ამ მუნიციპალიტეტში,“ – განაცხადა აზად ქარიმოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა სადახლოს ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარმა კანდიდატმა როვშან ისკანდაროვმა, მაგრამ მან ბიუჯეტის წარდგენის დროს გამოთქვა შენიშვნები. მისი განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტში სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებლად არაფერი არაა შეტანილი.

ისკანდაროვის კომენტარს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე გამოეხმაურა რომელმაც სადახლოს მაჟორიტარი გულგრილობაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ ბიუჯეტის შედგენისას ისკანდაროვს შენიშვნები ან წინადადებები არ წარუდგენია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 34 934 100 ლარით განისაზღვრა. როგორც მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტი 2020 წლის ბიუჯეტზე 6 200 000 ლარით მეტია.