აჭარის მთავრობა: ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება

875

ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა.

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

“შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. განხორციელდება სკოლის ეზოს და ღია სპორტული მოედანის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3მლნ-მდე ლარს შეადგენს.

სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დაამონტაჟა. პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” განახორციელა”, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ცნობით, აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.