NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

394

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.1%-ია. კვლევისას, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.