აუდიტი: 2018-2019 წლებში ქედის შიდა აუდიტმა 10 აუდიტორული შემოწმება ჩაატარა, თუმცა ქედის მერიის სამსახურების საქმიანობა არ შეუსწავლია

548

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, 2018- 2019 წლებში ჩატარდა 10 აუდიტორული შემოწმება. თუმცა აუდიტისთვის წარდგენილი მონაცემებით ირკვევა, რომ შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუსწავლია მერიის სამსახურების საქმიანობა. ასევე, სამსახურს არ განუხორციელებია წინასწარი შესწავლისა და რისკის შეფასების სათანადო პროცედურები.

“აღნიშნული პროცედურების საფუძველზე უნდა მომხდარიყო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ძირითადი რისკების, არსებული დარღვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა სახის კონკრეტული დარღვევა-ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორების მიზნით გაცემულია რეკომენდაციები. თუმცა შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის შედეგად, ვერ გამოვლინდა კონტროლის მექანიზმების ის სისუსტეები და ხარვეზები, რომლებიც დაფიქსირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული
აუდიტის შედეგად. კერძოდ, მიმდინარე აუდიტის პერიოდში გამოვლინდა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულებაში არსებული ხარვეზები, შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებები და რისკის შემცველი გარემოებები და სხვა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქედის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება მერიის ფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა;

“მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციით,  ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემის შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი.