აუდიტი: შუახევის მუნიციპალიტეტმა არასწორად დაგეგმილ, გამოუყენებელ და უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურაში 6.5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

386

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუახევის მუნიციპალიტეტის, 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში ჯამურად აუთვისებელი დარჩა 1 580 568 ლარი, რაც ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

ამასთან, როგორც აუდიტორები აღნიშნავენ, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის არსებული სისტემა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვისა და შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ იქნა შესრულებული, რაზეც საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა.

„ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პროცესში არსებული სისტემური ნაკლოვანებების შედეგად სახეზეა არასწორად დაგეგმილი, გამოუყენებელი და უხარისხოდ შესრულებული 6 563 903 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურებულია 21 907 ლარი და გამოვლენილია 3 297 ლარის საბაზრო ღირებულების სამშენებლო მასალების დანაკლისი. ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლისთვის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მოთხოვნით“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ 124 725 ლარი.