ე.წ. ჯაყელის ბაღის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია–შენობა დემონტაჟს საჭიროებს

316

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით, ახალციხის N4 (ე.წ. ჯაყელების) საბავშვო ბაღის საინჟინრო შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ 1648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები ავარიულია, არ ექვემდებარება გამაგრებას და დემონტაჟს საჭიროებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მიმდინარე წლის 20 ივლისს მომზადებული დასკვნაში ვკითხულობთ, რომ XX საუკუნის 40–იან წლებით დათარიღებულ შენობას, 80 წლიანი საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს. დაზიანებულია როგორც შენობების საძირკველი, ისე კედლები და სახურავი.

„ვიზუალური დათვალიერებით დგინდება, რომ შენობა მთლიანად ამორტიზებულია და განცდილი აქვს ასაკობრივი და ფიზიკური ცვეთა. შენობას არცერთ ნაწილში, გადახურვის დონეზე, ანტისეისმური სარტყელი არ გააჩნია. შენობის მთელს პერიმეტრზე არსებული სარინელები დაზიანებულია და მოუწესრიგებელია წყალამრიდი სისტემები, რის გამოც ხდება ატმოსფერული ნალექების ჩადინება საძირკვლებში და მზიდი კედლების ჯდენა, რაც ასახულია შენობაზე და გამოხატულია კედლებსა და ტიხრებში ბზარების სახით. სახურავის ხის მასალა სინესტის გამო წასულია ლპობაში და გამოფიტულია.  დაზიანებულია იატაკებიც. შენობის სიძველისა და ასაკობრივი ცვეთის გამო კედლების წყობაში არსებული დუღაბი იშლება“,–ვკითხულობთ დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, შესწავლილი და გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

„შენობებს გააჩნიათ II-III ხარისხის, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში IV ხარისხის დაზიანებები, რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპლუატაციო ვარგისიანობის მიხედვით ისინი განეკუთვნება III კატეგორიას. შენობების მდგომარეობა ფასდება ავარიულად. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გარდა დაზიანებებისა, მათ ამოწურული აქვთ საექსპლუატაციო ვადა და გააჩნიათ ცვეთის მაღალი ხარისხი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია შენობებზე გაძლიერება–გამაგრების სამუშოების ჩატარება და საჭიროა მოხდეს არსებული შენობების ახლით ჩანაცვლება“,–წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაში.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, N4 ბაღის შენობების შესასწავლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 20 მაისს მიმართა.

ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, რა გეგმა აქვს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას შენობის დემონტაჟთან, ან/და მის ნაცვლად ახალი შენობის აშენებასთან დაკავშირებით, კითხვებით ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ. მათი განცხადებით, გეგმებთან დაკავშირებით, დაწვრილებით, რამდენიმე დღეში გვიპასუხებენ.

სამცხე–ჯავახეთში,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“  კოორდინატორმა, თამუნა უჩიძემ, ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია  მიმდინარე წლის აპრილში შეიტანა. დოკუმენტს ხელს 360 ადგილობრივი წერს.

N4 საბავშვო ბაღის დემონტაჟსა და ახალი, ენერგოეფექტური ბაღის აშენებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ენერგოეფექტური ბაღის პროექტიც შეადგინა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “Dagenbach Landscapes“–მა სამუშაოები 40 000 ლარად შეასრულა. პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში 2016 წელს გაიმართა. მას შემდეგ, ახალციხის მერიას 4 500 000 ლარიანი პროექტის დაფინანსებაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უარი უთხრეს და ახალი ბაღის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.