შუახევის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 124 725 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2018-2019 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ ჯამში 124,725 ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
შესაბამისად, აუდიტის ცნობით, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის
დამადასტურებელი დოკუმენტები.
“აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალება და იდენტური ხარჯი”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით სულ 124 725 ლარი გასცა.
როგორც აუდიტის რეკომენდაციაში ვკითხულობთ, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში.