მალხაზ თორია: მალე ზუგდიდს ექნება თეატრი, რომელიც მთელს საქართველოში საუკეთესო იქნება

679

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ახალ თეატრში ორი დარბაზი განთავსდება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე იქნება გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მისი მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

,,ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი ექნება. თეატრი დააკმაყოფილებს ყველა არსებულ მოთხოვნას და შეძლებს საერთაშორისო ფესტივალებსაც უმასპინძლოს. შენობას ექნება ორი დარბაზი, მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. ზუგდიდის თეატრი ავარიული იყო და დასის უსაფრთხოებას ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფდა, თუმცა მალე ზუგდიდს ექნება თეატრი, რომელიც მთელს საქართველოში საუკეთესო იქნება. ასევე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა სენაკის ისტორიული თეატრის სრული რეაბილიტაცია“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.