ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვერტყვიჭალის, წყალაფორეთისა და მარელისის სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი“ ახორციელებს.
წყალაფორეთის სკოლის რეაბილიტაციის პროექტში ბევრი შეუსაბამობა აღმოჩნდა. ამის გამო მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა შენობის დანგრევა და ახლის აშენება მოითხოვა.
წყალაფორეთის სკოლის დირექტორის გიორგი გველესიანის ინფორმაციით, დღეს, 20 იანვარს ამ სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„რა ბედი ელის სკოლის შენობას, ჯერ კიდევ არ ვიცით. დღეს შეთანხმდნენ, რომ მშენებელმა კომპანიამ უნდა მოიწვიოს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, რომლებიც სკოლის შენობის მდგრადობას შეისწავლიან. სამუშაოები ამ დასკვნის შედეგების მიხედვით გაგრძელდება. ამჟამად სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია და ეზოს კეთილმოწყობა-შემოღობვა მიმდინარეობს,“ – ამბობს გიორგი გველესიანი.