აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემატური მოკვლევის ფარგლებში, – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა” შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია.
„სახელმწიფო ეკონომიკურ მხარდამჭერ პროგრამებში ქალების მონაწილეობის საკითხი, ასევე ფარავს სოფლის მეურნეობის პროგრამებში ქალების მონაწილეობას. დღეს, სწორედ, ამ კუთხით ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განვახორციელეთ. რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ძალიან მიხარია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესრულებულია. თუმცა, რეკომენდაციების უფრო მეტად კონცეპტუალური და შინაარსობრივი ნაწილი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. ამასთანავე, გვაქვს ინფორმაცია, რომ, სამინისტროებს აქტიური მუშაობა აქვთ დაწყებული ამ რეკომენდაციების შესრულებაზე და პრინციპში, მოლოდინი გვაქვს, რომ 2021წელს ჩვენ გვექნება ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართულობის ძალიან კარგი მაჩვენებელი, სწორედ, ამ რეკომენდაციების შესრულების ხარჯზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, ასევე განხილული იყო ორ სააგენტოში – „აწარმოე საქართველოში” და RDA-ში (სოფლის განვითარების სააგენტო) ჩატარებული გენდერული აუდიტის რეკომენდაციები და მათი მიმდინარეობა.
„ვფიქრობ, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო”, – აღნიშნა წილოსანმა.