წილოსანი: წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს მამუკა ხაზარაძის დახმარება არ სჭირდება, რადგან მისი დახმარების გარეშე გაიმარჯვა

296

ყველა ოპოზიციონერს მინდა ვურჩიო, რომ ტელევიზორებთან „ტრიპაჩს“, ჩავიდნენ ამომრჩევლებთან, სადაც აპირებენ კენჭი იყარონ და მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ზრდასთან დაკავშირებით, წილოსანი ამბობს, რომ ამას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კოალიციითაა განპირობებული. ამასთან, წილოსანის შეფასებით, „სხვა პარტიებისთვის „ნაციონალური მოძრაობასთან“ აფილირება სასიკვდილო განაჩენია“.

„უკვე მესამედაა არჩეული „ქართული ოცნება“ და ძალიან ლოგიკურია, რომ ჩვენი ამომრჩევლის რაღაც ნაწილი ფიქრობს – მოდით, აბა მესამე ძალას, სხვა ნეიტრალურ პარტიებს დავუჭიროთ მხარი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოიკრიბა კიოალიცია და შეიძლება ამის ფარგლებში, ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თვლიან, რომ მრავალფეროვნებისთვის „ქართული ოცნების“ გარდა შეიძლება სხვა პარტიასაც მისცენ ხმა, აქედან გამომდინარე დაფიქსირდა ეს მზარდი რეიტინგი. ვერაფრით დავიჯერებ, რომ „ნაცინალურ მოძრაობას“ მზარდი რეიტინგი აქვს“,- განაცხადა წილოსანმა.

გარდა ამისა, წილოსანი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ წალენჯიხაში გადაცხოვრდება და ახალ მერს გვერდით დაუდგება. წილოსანის შეფასებით „წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს მამუკა ხაზარაძის დახმარება არ სჭირდება იმიტომ, რომ მისი დახმარების გარეშე გაიმარჯვა“.

„გაშლილ სუფრაზე მისვლის მსურველ ადამიანებს ვურჩევდი, რომ თავიანთი სამიზნე სოფლები ან რეგიონები აერჩიათ, თუ უნდათ შედეგების მიღწევა და არა ვიღაცის წარმატებით საკუთარი ამბიციების განხორციელება“,- განაცხადა წილოსანმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას შეეხებოდა, წილოსანი ამბობს, რომ პრეზიდენტი „ძალიან სწორ და სახელმწიფოებრივ აქცენტებს აკეთებს“.

„პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ის ადამიანები, ვინც მის მიმართ წინასაარჩევნოდ განსაკურებული კრიტიკით გამოირჩეოდნენ, დაგვეთანხმებიან, რომ ის ძალიან სწორ და სახელმწიფოებრივ აქცენტებს აკეთებს, მათ შორის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდის შიგნითაც ბევრი ადამიანი ემხრობა ამგვარ რეგულაციების შემოღებას. პირადად მე, ვთვლი, რომ ამგვარი რეგულაციებით არ შევზღუდავთ ანტივაქსერების უფლებებს, არამედ დავიცავთ ვაქცინირებული ადამიანების უფლებებს და ჯანმრთელობას“,- განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში წალენჯიხაში გადაცხოვრდება და წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს გვერდით დაუდგება.

„გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად. მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში“,- განაცხადა ხაზარაძემ.