აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტმა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკის) ფარგლებში შეისწავლა, თუ რამდენად შესრულდა კანონი, პასუხობს თუ არა ის დასახულ ამოცანებს და ფერმერთა მოთხოვნებს.
„მოკვლევამ შეისწავლა და გააანალიზა კანონის მოქმედებისას გამოვლენილი შესაძლო ხარვეზები და მისი აღსრულებისა და ეფექტიანობის ხელშემშლელი ფაქტორებიც. პროცესში გამოიკვეთა, რომ კანონით დასახული მიზნები ფაქტობრივად არაა მიღწეული და კომიტეტმა დაიწყო მუშაობა „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” კანონის ახლებურად გააზრებაზე. ვფიქრობთ, რომ ეს კანონი უნდა იყოს მორგებული იმ ფერმერებზე, რომლებსაც სურთ გაერთიანება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მან შეხვედრის მონაწილეებს ის საკითხები გააცნო, რომელთა საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა მოქმედ კანონს კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.
კომიტეტში მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს მოქმედი კანონის ჰარმონიზება „მეწარმეთა შესახებ” კანონთან. რეფორმის მიზნებს შორისაა ისიც, რომ ასევე უნდა მოხდეს:
„სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” კანონის მიზნების დაზუსტება; სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნა; „ერთი ფანჯრის პრინციპის” დანერგვა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში; კოოპერატივის წევრებისათვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება; მეპაიის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების დანერგვა; კოოპერატივების მიერ შექმნილი ასოციაციების სახელმწიფო მხარდაჭერა და მათზე უფლებების დელეგირება და ა.შ.
„ფაქტია, რომ ამ კანონმა იმ მიზანს ვერ მიაღწია, რაც კანონით იყო განსაზღვრული. კოოპერატივები ძირითადად მხოლოდ კონკრეტული დახმარების მიზნით იყვნენ შექმნილი და რეალურად მდგრადობა რამდენად ჰქონდათ, ამის დასტური ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ მოვიპოვეთ. ამიტომ, ახლა ვაგრძელებთ პროცესს ნააკის შედეგად აღმოჩენილი შენიშვნები და რეკომენდაციები როგორ შეიძლება გარდაისახოს კანონში შესატან ცვლილებებში, რათა თავიდან მოხდეს კანონის მიზნების გააზრება და კანონი რეალურ შედეგებზე იყოს ორიენტირებული. სახელმწიფოს ვალდებულებაა მოქნილი საკანონმდებლო ჩარჩო შევქმნათ, რათა ფერმერები მაქსიმალურად დავაინტერესოთ და მათ გაერთიანების სურვილი გავუჩინოთ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
დღევანდელი შეხვედრა კანონის გაუმჯობესების მიმართულებით პირველ ეტაპს წარმოადგენს, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.