“წლების მანძილზე ჩვენს მიერ მტკიცედ დაცული ღირებულებები და პრინციპები – ჰუმანური პოლიტიკის წარმოების, სტაბილური განვითარების , მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის, სოციალური პასუხისმგებლობის ახლა ახალ ეტაპზე გადაყვანას საჭიროებს. ეს განვითარებამ მოიტანა და ჩვენი ამომრჩეველიც ამას ელოდება ჩვენგან. თუ ამ წლების მანძილზე პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობამ, რომელიც ასევე ღირსეულ მიზანს ემსახურებოდა, ჩვენი ყურადღება მცირედით შეასუსტა და ჩვენი ძალისხმევა სხვა მიმართულებით წარმართა, დღეს ჩვენ, ლეგიტიმაციის ამ სიმაღლიდან გაცილებით მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ“, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, ბიუროკრატიის შემსუბუქება და მყისიერი რეაგირება კერძო სექტორის მოთხოვნილებებზე, რეგიონალური განვითარება და ამ მიმართულებებით თითოეული რეგიონის ძლიერი მხარეების აღმოჩენა, შემდეგ კი წერტილოვანი პოზიტიური ჩარევების განხორციელება. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, აუცილებელია არსებული რესურსების სათანადოდ და ეფექტურად გამოყენება.
„მიწის რესურსი პირობითად, მაშინ როდესაც 60%-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა სახელმწიფო საკუთრებაშია, არ უნდა მოველოდეთ დიდ ძვრებს სექტორში და პირიქით, მიწის გაკერძოებით ახალ ენერგიას შევძენთ სექტორს. ადამიანური რესურსი ყველაზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება გვქონდეს, ამ რესურსს ჩვენ სრულყოფილად ვერ ვიყენებთ, რადგან პროფესიული განათლება და ვიწრო სპეციალიზაციით ადამიანების მომზადება სამუშაო ბაზრის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ჯერ კიდევ გამოწვევაა. ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მათთვის, ვისი ძალიან მნიშვნელოვანი იდეების განხორციელება ამგვარი რესურსით წარმოუდგენელია. ქალების უფრო ინტენსიური ჩართულობა დასაქმების ბაზარზე და მათი ინკლუზიური მონაწილეობა მეწარმეობაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ეს და ყველა სხვა გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშე დგას დარგობრივი მიმართულებით, სექტორთან და ადამიანებთან ინტენსიური კომუნიკაციით უნდა გადაიჭრას.
„უკან უნდა მოვიტოვოთ ფუჭი ენერგიის ხარჯვა წარსულზე, რადგან უკვე მერამდენედ ჩვენმა ამომრჩეველმა უარი უთხრა ამ წარსულს. ამომრჩეველი გვაძლევს მიმართულებას და მათი არჩევანია ახალი , მშვიდი და დინამიური განვითარება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მან ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა რომ გამოვიდნენ დაპირისპირებიდან და ამომრჩევლისა და ქვეყნის ინტერესებისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდა.