აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
„მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი მიზანი არის გარემოსდაცვის სფეროში სამართალდარღვევების პრევენცია, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე, რაციონალურად მოხმარებაზე და ამ მიმართულებით ზედამხედველობის სამსახურისთვის აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტების ზოგად პრინციპებზე საუბრისას.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება კოდექსის ნორმების პრაქტიკაში აღსრულებისას გამოვლენილი, კოდექსში არსებული ხარვეზების გამოსწორება, გარკვეული სახის უკანონო ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, სხვადასხვა სიმძიმისა და შედეგების მქონე ქმედებებისთვის სანქციების შესაბამისი დიფერენცირება, სამართალდარღვევებისთვის ადეკვატური, პრევენციული ეფექტის მქონე სანქციების დადგენა, რეგულირების გარეთ არსებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება, კონკრეტული სამართალდარღვევების რაოდენობების შემცირება და ა.შ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილებები კომპლექსურია და ისინი ეხება სარეკულტივაციო სამუშაოებს, წიაღით უკანონო სარგებლობის ფაქტებს, წითელი ნუსხით დაცულ სახეობებს, სალიცენზიო პირობების დარღვევებს, დაცულ ტერიტორიებზე საძოვრებით სარგებლობას, ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედებას, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებას, უკანონო თევზჭერასა და ნადირობას, ხე-ტყის უკანონო დამზადებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, საქართველოს დროშია ქვეშ მცურავი გემების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე უკანონო თევზჭერას და ა. შ.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, დღეისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის უკანონო თევზჭერა და სწორედ ამის აღკვეთის მიზნით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსში.
„განსაკუთრებით ხშირია მდინარეებში აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერის შემთხვევები. ეს ეხება ელექტროშოკს, ასაფეთქებელ და მომწამვლელ ნივთიერებებს და ა. შ. ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მკაცრი პასუხისმგებლობა უნდა შემოვიტანოთ – პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წესი დავამკვიდროთ მსგავსი თევზჭერისას იმიტომ, რომ მსგავსი ქმედება იწვევს მთლიანად თევზის რესურსის განადგურებას მდინარეში. სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ მზარდია ასეთი სამართალდარღვევების რაოდენობა, შესაბამისად შემცირებულია თევზის რესურსების რაოდენობა მდინარეებში და მას რეალურად აღდგენის საშუალება არა აქვს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მდინარეებში აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერის შემთხვევებისათვის შემოდის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა – იქნება ეს ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გარკვეული რაოდენობით, ანდა თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით, რასაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე მოსამართლე განსაზღვრავს.