ზუგდიდის სტადიონის პროექტის ცვლილება ბიუჯეტს 350 000 დაუჯდება

410

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შესატანად ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 მილიონიანი პროექტის მოდიფიკაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 350 000 გამოიყო. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებები ეხება, როგორც მთავარ, ისე სათადარიგო მოედანს. გასაწევი მომსახურება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობის საავტორო ზედამხედველობაც დაევალება.

ტენდერში წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა უკვე აშენებული უნდა იყოს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ინფორმაციისთვის, სტადიონის პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპისთვის კი 10 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.